შოუბიზნესი

ინდირა ჯგერნაია: საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქალი მარტო არ უნდა დარჩეს

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 30.04

ინდირა ჯგერნაია
დაკოპირებულია

„შეფების ლიგა“ მომღერალ ინდირა ჯგერნაიასთვის ახალი გამოწვევაა. თავად გურმანია, კერძებსაც არაჩვეულებრივად ამზადებს, ამიტომაა რომ მკაცრი შეფების პროფესიონალურ მოთხოვნებსა და ყველა დავალებას არაჩვეულებრივად უმკლავდება.

ინდირა ჯგერნაია: გურმანი და კარგი კულინარი ვარ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ. მათ შორისაა ფოტოგრაფი გიორგი ცაავაც, რომელმაც მითხრა, რომ „რუსთავი 2-ზე“ იწყებოდა კულინარიული კონკურსი „შეფების ლიგა“ და მასში მონაწილეობა შემომთავაზა. მიყვარს და ვაკეთებ ერთია, მაგრამ პროფესიონალური ცოდნა სხვა, ამიტომ მაშინვე უარი ვთქვი. გიორგის მაინც უთქვამს პროდიუსერებისთვის ჩემზე. ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკეს და მითხრეს, მოდი და მოყვარულის დონეზე გააკეთეო.

კულინარიულ პროექტებს ყოველთვის ინტერესით ვუყურებდი და ახალ-ახალ რეცეპტებს ვსწავლობდი, მაგრამ იმდენად ძნელია შეფებს შენი მომზადებული კერძი მოაწონო, ამ პროცესში იმდენ რამეზე გიწევს ფიქრი და ზრუნვა, რომ ჩემს ისედაც დატვირთულ გრაფიკთან ერთად, ეს ყველაფერი ძალიან რთულად წარმომედგინა. დამპირდნენ, რომ მაქსიმალურად შემიწყობდნენ ხელს და მეც მივიღე ეს გამოწვევა.

თავიდან მრცხვენოდა, რომ მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიყავი, მაგრამ მერე ისე „გამეხსნა“, რომ თვითონ ვითხოვდი, ყველაფერი პროფესიონალურად ესწავლებინათ. ახლა ხედავენ, რომ უკვე სხვა დონეზე გადავედი და უფრო მკაცრადაც მთხოვენ. შეფებს უკვე მათ ენაზე უნდა ესაუბრო, გემოებითაც მათსავით უნდა ითამაშო, თუ არადა, წაბრძანდი, ბატონო, სახლში (იცინის). მეც აზარტში ვარ და მაქსიმალურს ვაკეთებ.

– შენი მიზანი გამარჯვებაა?

– პროექტში ვინც მიდის, ყველა ამბობს, გავიმარჯვებო. თუმცა, მე თავიდან არ მაქვს ხოლმე ეგ განწყობა, მაგრამ შუა პროცესში ისეთ აზარტში შევდივარ, უკან დახევა აღარ ვიცი. მერე იწყება ბრძოლა წესების გარეშე და ან ყველაფერი, ან არაფერი – ასეთია ჩემი პრინციპი. ფაქტია, რომ ჟიური მაქებს და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლამაზი თვალების გამო – არა, ამიტომ მეც არ ვაკლებ მცდელობას. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყოველ ჯერზე ამოცანის ამოხსნას ვცდილობ. ჯერჯერობით წარმატებული მოსწავლე ვარ და ეს მახარებს, თუმცა, ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ.

არ ვიტყვი იმას, რომ ამ პროექტში მონაწილეობის წყალობით სახლშიც სულ ვფუსფუსებ, ეს ტყუილი იქნება, არ მაქვს ამდენი დრო. მაგრამ სამომავლოდ, ვფიქრობ, რომ ჩემი სარესტორნო ბიზნესი მექნება, რაც უკვე დიდი ხანია, მინდა და აქ მიღებული პროფესიონალური გამოცდილება ძალიან გამომადგება.

– რისი დამსახურებაა შენი კარგი კულინარიული შესაძლებლობები?

– ეს ყველა ადამიანში კოდივით დევს. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც სილის ტორტებს „ვაცხობდი“. რომ წამოვიზარდე, დედა, ბებია, მამიდა, და – ყველასგან რაღაცას ვსწავლობდი, ყველა კარგად ამზადებს. გოგომ კარტოფილისა და კვერცხის შეწვა მაინც ხომ უნდა იცოდე და მე ყველაფერი მშვენივრად გამომდის. სარესტორნო ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. სულ სცენაზე ხომ არ ვიდექი, სამზარეულოშიც შევდიოდი, იქ დედაჩემის, ბებიების ასაკის ქალბატონები იყვნენ, მეფერებოდნენ, მაჭმევდნენ, მასწავლიდნენ, მეც ვეხმარებოდი თავისუფალ დროს და ჩვენთვისაც არაერთხელ მომიმზადებია გემრიელობები. 16 წლიდან ვმუშაობ, დღეს 32 წლის ვარ, თან უამრავ კულინარიულ შოუს ვუყურებ და შესაბამისად, კარგი კულინარი გავხდი.

– ცოტა ხნის წინ აქტიურად ვვარჯიშობდი, ამ დროს ასეთ პროექტში ყოფნა დიდი ცდუნებაა და როგორ უმკლავდები?

– ვარჯიშს ისევ ვაგრძელებ. უფრო ამიტომაც დავიწყე. ზოგადად, მომღერლებს იანვარსა და თებერვალში ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს. სრული საგიჟეთია და ისეთ უნორმო რეჟიმით მიწევს კვება, რომ თუ წონაში ვიმატებ, ეს ყოველთვის ზამთარში ხდება. მცივანა ვარ და წყალსაც ვერ ვსვამ, თან გემრიელობები მიყვარს და მათზეც ვერ ვამბობ უარს. ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ეკრანზე ვნახე ჩემი თავი და ისეთი დიდი ვჩანდი, კინაღამ გული გამისკდა. მაგრამ ეგ არაფერი, მიუღწეველი არაფერია. ახლა მინუს რვა კილოგრამი ვარ, მაგრამ ისევ ვაგრძელებ ვარჯიშსაც და შესაბამისად, კვებასაც. ვცდილობ, ორგანიზმი ტონუსში მქონდეს, რადგან დიდი ენერგია მჭირდება და რაც მთავარია, მინდა, თავს ჯანსაღად ვგრძნობდე. ეს მარტივი არ არის – გადაღების დროს ბევრი გემრიელობის გასინჯვა მიწევს, მაგრამ თუ შეეცდები, სწორი მიმართულება აიღო, შეუძლებელი არაფერია.

– ბევრჯერ მომხვედრია თვალში სათაურები „ინდირას დიეტა“...

– „ფეისბუქზე“ რომ დავწერ ხოლმე რამეს, მერე ჟურნალისტები უნებართვოდ ანიუსებენ. არ არსებობს არანაირი ინდირას დიეტა. ინდირა იკვებება საკუთარი სისხლის ჯგუფის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. შეუძლებელია, მეც და სხვა მონაცემების მქონე ადამიანსაც ერთი და იგივე პროდუქტები გვეხმარებოდეს შედეგის მიღწევაში. მე ვიცი ჩემი პრობლემა და ვიცი, როგორ უნდა მოვაგვარო ის. ვიწყებ ვარჯიშს, წყლის აუცილებელი დოზითა და საკვების ჩემთვის საჭირო ბალანსით მიღებას და ასე შემდეგ. სხვას ვერაფერს ვურჩევ. ზოგჯერ ისეთ შიმშილს გამოვუცხადებ ხოლმე ჩემს თავს, შეიძლება, ორი დღე გავიდეს და საჭმელი არ ვჭამო, მხოლოდ ყავაზე ვიყო და მესამე დღეს შევჭამო ვაშლი, მერე კი კიდევ ორი დღე ვიშიმშილო – ამას, რა თქმა უნდა, არავის ვურჩევ, მაგრამ მე შემიძლია და ვაკეთებ. თუ ჩემს თავს გავუბრაზდი, მორჩა, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევ.

– საკმაოდ მკაცრი მეთოდები გქონია.

– კი, ასეთი ვარ, მხოლოდ ჩემი თავის მიმართაც არა, ეს ჩემი ხასიათია და მაგალითად, შვილთანაც მკაცრი ვარ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დამთმობი დედა ვარ. რამდენადაც ვახალისებ, იმდენად ვთხოვ იმას, რაც საჭიროა. ჩემი საყვარელი ადამიანებისგანაც ბევრს ვითხოვ. მე როგორიც ვარ მათთვის, მინდა, ისინიც ისეთები იყვნენ ჩემთვის. საქმე ასე უკეთ გამოდის.

– ისედაც ბევრი საქმე გქონდა, ახლა ეს პროექტი დაგემატა. არასასიამოვნოდ ჟღერს სტატუსი „მარტოხელა დედა“, მაგრამ მართლა მარტო გიწევს ბევრი პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა და როგორ ასწრებ?

– მე არ მრცხვენია ამ სიტყვის. იმან იკითხოს, ვინც ჩვენ გარეშე დარჩა, თორემ ჩვენ მარტოები ნამდვილად არ ვართ. მთავარია, რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს. დედაჩემი რომ არა, არ ვიცი, როგორ მოვახერხებდი. ფაქტობრივად, ის მიზრდის შვილს, რადგან მე სულ გადარბენები მაქვს. საბედნიეროდ, ჩემს შვილს სკოლაშიც კარგი დამრიგებელი ჰყავს და მასაც საკუთარი დედასავით ვანდობ ბავშვს. ჩემი შვილისთვის მე ავტორიტეტი ვარ. დედაჩემმა ასი რომ უთხრას, მაინც თავის ტოლად მიაჩნია და შეიძლება, არ დაუჯეროს, მაგრამ მე რომ ერთს ვეტყვი, მანდ მთავრდება ყველაფერი. სხვათა შორის, ჩემს ყველა გადაცემას უყურებს და მერე ძალიან კრიტიკულად მელაპარაკება. მეც ვდგავარ და შვიდი წლის ადამიანს, საჭირო ფორმითა და ზომით ვაწვდი ინფორმაციას. კი, საკმაოდ მკაცრი დედა ვარ, დედაჩემიც ასეთი იყო ჩემთან. მე მამა ადრე დამეღუპა და დედამ გმირულად გაგვზარდა სამი შვილი. სამივე გზაზე დაგვაყენა და მაგალითისთვის შორს წასვლა არ მჭირდება. ვფიქრობ, რომ დისციპლინას მოაქვს შედეგი. გარდა ამისა, თუ ადამიანს ლიდერის ბუნება არ ექნება, დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დაიჩაგრება და ვცდილობ, ჩემს შვილს საჭირო თვისებები გამოვუმუშავო. სხვათა შორის, დედასთან მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, ამ ბოლო დროს ძალიან ვყავარ თითზე დახვეული-მეთქი (იცინის). ადრე რაღაცებს არ ვუჯერებდი, მაგრამ ახლა მის თითოეულ რჩევას ვითვალისწინებ, მივხვდი, რომ ტყუილად არაფერს ამბობს. თვითონაც მეუბნება, რასაც მიჯერებ, ყველაფერში იგებო (იცინის).

– აღარ შეგყვარებია ძალიან? რას ფიქრობ სიყვარულზე, ოჯახზე?

– ჩემზე ამბობენ, რთული ხასიათი აქვსო. სინამდვილეში, რთული ხასიათი კი არ მაქვს, პირფერობა არ მიყვარს და აფერისტობა არ შემიძლია. ძალიან პირდაპირი ვარ და მე კი არა, სიმართლეა მწარე. ახლა არ მაქვს „ლავსთორებში“ გახვევის დრო. თუ გამოჩნდება და მივხვდები, რომ ნამდვილად ისაა, კი ბატონო, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თან, უკვე დიდი ვარ, მარტივად ვხვდები, ადამიანს რა უნდა, გამოხედვით ვცნობ, ვხვდები, როდის იტყუება და ამოსუნთქვით ვშიფრავ მის ფიქრებსაც კი. მილიონი პასუხისმგებლობა მაქვს – დედა, ოჯახი, შვილი. მჩატე ისედაც არ ვარ და, მით უმეტეს, სპეციალურად ვერ მოვიტყუებ თავს. უმიზეზოდ ვერ ვიტყვი, რომ მუცელში პეპლები დაფრინავენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, ვერ დავმალავ. ალბათ, რაღაც ეტაპები მაქვს გასავლელი აქამდე რომ მივიდე. ჩემს შვილს რომ დედიკოს გათხოვებაზე ჰკითხო, მისი პასუხიდან მიხვდები, რომ არავისთვის ვემეტები. ერთხელ ამაზე საუბრისას მითხრა, ანუ, მამინაცვალი მეყოლებაო?! ავუხსენი, რომ მამინაცვალი მას ჰყავს, ვისაც მამა არ ჰყავს. შენ გყავს მამა, რომელთანაც ურთიერთობა გაქვს, ეს სხვა არის-მეთქი, მაგრამ ჯერ პატარაა ამისთვის და ჩემს ცხოვრებაშიც არ არის იმის საჭიროება, რომ ამაზე საუბრით დავსტრესო. თუ ღმერთი ინებებს, ასეთი რამ მოხდეს, მისი წყალობით, ალბათ, ჩემი შვილიც კარგად შეხვდება ამ ამბავს, რადგან საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქალი მარტო არ უნდა დარჩეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი