რომანი და დეტექტივი

ანდერძი

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.05

ანდერძი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #15-16 (1216)

გვანცამ წერილი გაშალა. კითხვას შეუდგა. მე კი ყურადღებით ვაკვირდებოდი მას. კითხვა რომ დაასრულა, ერთხანს უხმოდ მათვალიერებდა. შემდეგ ყუთიდან „დეენემის“ ექსპერტიზის დასკვნა ამოიღო და წაიკითხა. პატარა ყუთში მოთავსებული თმის ნიმუშებიც დაათვალიერა. ბოლოს კი ეს ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა. შემომხედა. გამიცინა და მითხრა:

– ესე იგი, თქვენ მამაჩემი ხართ?

– კი. ასე გამოდის, ვთქვი და დავამატე, – კი. ნამდვილად მასეა.

– თავში ერთი აზრი მიტრიალებს და სანამ გეტყოდეთ, იქნებ დაწვრილებით მომიყვეთ, თუ როგორ ჩაგივარდათ ხელში ეს ყველაფერი, – თქვა გვანცამ და ქარვის ყუთზე მიმითითა.

მე დაწვრილებით მოვუყევი გვანცას ყველაფერი და ადვოკატ ბარტონის არცერთი სიტყვა არ გამომიტოვებია, ბოლოს კი ვთქვი:

– აი, სულ ესაა.

გვანცა ჩაფიქრდა. თავი გააქნია და მითხრა:

– ტყუილია, რომ დედა ცოცხალი აღარაა. ყოველ შემთხვევაში, ორი კვირის წინ ის ცოცხალი იყო.

ვიგრძენი, რომ გავფითრდი. თანაც ცივმა ოფლმა დამასხა და ენის ბორძიკით ვუთხარი ჩემს შვილს:

– შეხვდი მას?

– არა, არ შევხვედრივარ. ბოლოს დედა სამი თვის წინ იყო აქ. ერთი საათი გაჩერდა და წავიდა.

– აბა, რატომ გგონია, რომ ის ცოცხალია?

– მართალია, ოცი წელიწადი არ გინახავთ დედა, მაგრამ მისი სიარულის მანერა, მიხრა-მოხრა და ფიგურა, ალბათ, გემახსოვრებათ.

– რა თქმა უნდა, მილიონ ადამიანში გამოვარჩევ. თანაც ისე, რომ სახეზე შეხედვაც კი არ დამჭირდება.

– მაშინ ეს კადრები ნახეთ და თქვენი აზრი მითხარით, – თქვა გვანცამ. კომპიუტერში ფლეშკა შეარჭო და ჩართო.

ეკრანზე ჩაბნელებული ოთახი გამოჩნდა. ოთახში ადამიანი შევიდა, რომელიც ელასტიკურ სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი და თავზე სპორტული ქუდი ეხურა. სახეზე კი ღამით ხედვის მოწყობილობა ეკეთა, რომელიც მას მთლიანად უფარავდა სახეს. ეს ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოსახულება ეკრანიდან გაქრა. გვანცამ კადრი გააჩერა და სანამ რაიმეს იტყოდა, გაფითრებულმა და აკანკალებულმა ვუთხარი:

– ეს ხომ ჩემი ელიკოა. დედაშენია, ელენი.

– დიახ. სწორედ ასეა. მართალია, მას სახე არ უჩანს, მაგრამ უდავოა, რომ სწორედ ისაა.

– ისაა, ის! თავი მომაჭრან, თუ მეშლება, – მტკიცედ ვთქვი მე.

– ეს კადრები ორი კვირის წინაა გადაღებული. უფრო ძველი კადრებიც მაქვს, მაგრამ მოდი, გაგრძელებასაც გიჩვენებთ, – თქვა გვანცამ და კადრები ჩართო.

ის ადამიანი მეორე ოთახში შევიდა, კედელზე მიმაგრებულ საათთან მივიდა, გამოაღო, იქიდან ყუთი გამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ საათი დახურა და წავიდა.

გვანცამ კომპიუტერი გამორთო და მითხრა:

– ამ ერთი წლის წინ მომეჩვენა, რომ სახლში ჩემი არყოფნის დროს ვიღაც შემოდიოდა. ამის ეჭვი იმიტომ გამიჩნდა, რომ სახლის დალაგების დროს, როდესაც კედლის საათს ვწმენდდი, მასზე დადებული მტვრის ნაწილი წაშლილი იყო. წინა დღით საათს მტვრის სქელი ფენა ედო. აშკარა იყო, რომ საათის ჩარჩო იყო გამოღებული და მტვრის ნაწილი სწორედ ამის გამო წაიშალა. მე საათის ჩარჩო არ გამიღია. გამოდის, ეს ვიღაც უცხომ გააკეთა. ამიტომ, ორი დღის შემდეგ მთელს ბინაში კარგად შენიღბული, უახლესი მოდელის მიკროსათვალთვალო კამერები დავაყენე, სიბნელეში გადაღება რომ შეუძლია და ეს კადრები ინფრაწითელი სხივებითაა დაფიქსირებული. დაყენებიდან ათი დღის შემდეგ ზუსტად ისეთი კადრები დამხვდა, როგორიც ახლა გიჩვენეთ. აშკარა იყო, რომ საათში საიდუმლო სამალავი მდებარეობდა. პირველი ჩანაწერი რამდენიმეჯერ ყურადღებით ვნახე და აღმოვაჩინე, რომ ციფერბლატი ღილაკების ფუნქციას ასრულებს. ცოტა ვიწვალე, მაგრამ კოდიც ამოვხსენი. თანმიმდევრულად დააჭერ 12-ს, 6-ს, 9-სა და 3-ს. ამის შემდეგ საათის კორპუსი იღება და შიგნით პატარა სეიფია. იმ სეიფში ფლეშკები ინახებოდა. ყველა მათგანის ასლი მაქვს გაკეთებული. ახლა სეიფი ცარიელია და ამ ორი კვირის წინ დაცარიელდა. სავარაუდოდ, დედამ წაიღო.

– სავარაუდოდ კი არა, ეს ადამიანი ნამდვილად ელიკოა, – დარწმუნებული ვთქვი მე და ტანში გამაჟრჟოლა. შემდეგ კი დავამატე, – ამ ფლეშკებზე რა არის ჩაწერილი?

– ძირითადად, აუდიოჩანაწერებია. არის კადრებიც. ყველაფერი არ მინახავს. ბევრი რუსული საუბარია, მაგრამ რუსული არ ვიცი, ხოლო რაც ვნახე, იქიდან დავასკვენი, რომ ეს ყველაფერი დედას მიერაა ჩაწერილი. ბევრი ფიქრის შემდეგ ამ ლოგიკურ დასკვნამდე მივედი, რომ დედა სპეცსამსახურებზე მუშაობს. თქვენმა მონათხრობმა კი საბოლოოდ დამარწმუნა ამაში. როგორც ჩანს, დედა იმიტომ გაგეცალათ, რომ თქვენთვის ხიფათი აერიდებინა თავიდან. თავისი სიკვდილის ამბავი კი იმიტომ მოგვაწოდა, რომ ჩემთვის აერიდებინა საფრთხე. იმიტომ გთხოვათ ჩემი აქედან საქართველოში წაყვანაც. თუ ამ მოვლენებს ლოგიკით მივუდგებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედამ დიდი საფრთხე იგრძნო და წინასწარ დაიჭირა თადარიგი. დარწმუნებით კი ვთქვი, დედა ცოცხალია-მეთქი, ორი კვირის წინ ის ნამდვილად ცოცხალი იყო, თუმცა, ახლა ცოცხალია თუ არა, დარწმუნებული არ ვარ.

ტირილის, დეპრესიისა და პესიმიზმის დრო არ იყო. თანაც, შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემი ელიკო ცოცხალი იყო, მაგრამ დიდი ხიფათის ქვეშ იმყოფებოდა და შველა სჭირდებოდა. გვანცას სიტყვა გავაწყვეტინე და მტკიცედ ვუთხარი:

– მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ელიკო ცოცხალია. შველა სჭირდება და მას სწორედ ჩვენ უნდა ვუშველოთ.

– როგორ უნდა ვუშველოთ? – იკითხა გვანცამ.

– პირველ რიგში, ფლეშკებზე ჩაწერილებს უნდა გავეცნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ მის კვალზე გავალთ. მთავარია, კვალზე გავიდეთ. შემდგომ კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა და მე ვიმოქმედებ. მიდი, მოიტანე ფლეშკები და მათ შინაარსს გადავხედოთ, – ვუთხარი გვანცას.

გადავწყვიტეთ, რომ ფლეშკებზე არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები თავდაპირველად გადახვევით გვენახა, რომ იქნებ ელიკოს კვალზე გასასვლელი რაიმე ხელჩასაჭიდი მოგვეძებნა, რადგან ამის მერე უფრო იოლად და სწრაფად შევძლებდით სწორი გზის პოვნას. მივუყევით დასახულ სქემას და გაგვიმართლა. ერთ-ერთი ფლეშკის გადახვევისას ელიკომ გაიელვა. კადრები უკან დავაბრუნეთ, ფირი ჩავრთეთ და ყურადღებით მივაჩერდით. ელიკო მაგიდასთან იჯდა და ამბობდა: „გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს. მოგმართავთ თქვენ მიერ დაქვემდებარებული უწყების სპეციალური აგენტი ელენ ფოქსი. გაცნობებთ, რომ ცხრამეტი წლის წინ ბიურომ სპეციალური ოპერაცია წამოიწყო რუსული მაფიის წინააღმდეგ, რომელშიც მეც ჩამრთეს და ამ ორგანიზაციაში ვიყავი ჩანერგირი. ჩემი კურატორი ლუის ჰარტია და ამ ოპერაციაში მის მითითებებს ვასრულებდი. რაც, მისი თქმით, ეს ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო და ჩემ მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციასა და აუდიო-ვიდეო მასალებს მას გადავცემდი. თუმცა, ამ ცოტა ხნის წინ დანამდვილებით გავარკვიე, რომ ჰარტი ამ საიდუმლო ინფორმაციების დიდ ნაწილს ირლანდიური მაფიის ბოსებს აწვდიდა და ამაში დიდ ანაზღაურებას იღებდა. როგორც ცნობილია, რუსული და ირლანდიური მაფიები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული. ბოლო კონსპირაციული შეხვედრის დროს ჰარტმა რუსული მაფიის ბოსის ლიკვიდაცია დამავალა და ეს დავალება ბიუროს ბრძანებად გაასაღა. მე მას თქვენ მიერ დამოწმებული საიდუმლო ფაქსიმილიე მოვთხოვე, რადგან კანონით ასეთი ბრძანების გაცემა მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა. ჰარტმა ორი დღის შემდეგ მორიგი შეხვედრა დამინიშნა და მითხრა, რომ თქვენს ფაქსიმელიეს მომიტანდა. ამ შეხვედრაზე არ მივსულვარ. მეძავი გოგონა დავიქირავე და ის გავგზავნე, რომელიც მოკლეს. ანუ ჰარტმა მე მკვლელი მომიგზავნა. იმავე საღამოს მოკლეს რუსი ბოსიც და ესეც ჰარტის მიერაა ორგანიზებული, ირლანდიელთა შეკვეთით. ამ მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ჰარტი ჩემზე ნადირობს როგორც არასასურველ მოწმეზე. ამ ჩანაწერსა და სხვა საიდუმლო მასალებს, სადაც მრავალი კომპრომატია ჰარტზე, საჭირო დროს რუსი გოგონა ალიონა კრასინა გადმოგცემთ. ის არალეგალურად ცხოვრობს ბრაიტონ ბიჩზე და რესტორან „მოსკვაში“ მიმტანად მუშაობს. ალიონა დიდი ხნის წინ გადმოვიბირე. ის სამუშაოში მეხმარებოდა. ბატონო დირექტორო, გთხოვთ, დაეხმაროთ ალიონას და თუ საჭიროებამ მოითხოვა, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართოთ. თუ თქვენ ახლა ამ კადრებს უყურებთ, ესე იგი, ცოცხალი აღარ ვარ და ლუის ჰარტმა მაინც მოახერხა ჩემი მოხელთება. იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა იზეიმებს.“

დასრულდა თუ არა ელიკოს მონოლოგი, თავში უკვე მოქმედების გეგმა მქონდა მომწიფებული. სრულად ვიყავი მობილიზებული და სამოქმედოდ შემართებული. გვანცას შევხედე და ვუთხარი:

– აბა, შვილო, ძალები მოიკრიბე და დედაშენის გადასარჩენად მოემზადე. დრო არ ითმენს. ყოველი წამი ძვირფასია და ჰარტს უნდა დავასწროთ.

– დედის კვალზე, ალბათ, ამ რუსი გოგონას მეშვეობით უნდა გავიდეთ.

– სწორედ მასეა. თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ელიკო იმ ალიონა კრასინასთან აფარებს თავს. კუდზე უნდა დავასხდეთ და ელიკოსთან ის მიგვიყვანს. მაგრამ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გამორიცხული არაა, რომ კვალზე უკვე მონადირეც იყოს გასული. კარგად გამოეწყვე. რესტორან „მოსკოვში“ მივდივართ, ბრაიტონ ბიჩზე.

რუსულ რესტორანს საღამოს 9 საათზე ვეწვიეთ. მდიდრულად მოწყობილი დარბაზი ხალხით იყო სავსე. ალიონა კრასინას მალევე მივაგენით. თხუთმეტი მიმტანიდან მხოლოდ ოთხი იყო ქალი და ალიონა მარტო ერთს ერქვა. სწორედ მას მოუწია ჩვენი მაგიდის მომსახურება. რუსულად უაქცენტოდ ვლაპარაკობ. მშობლიურ ენაზე გამოველაპარაკე და თავი რუსად გავაცანი. გარეგნობა შევუქე და ვუთხარი:

– აქ გვიანობამდე ვაპირებთ დარჩენას და სასიამოვნოა, რომ ასეთი მშვენიერი გოგონა მოგვემსახურება-მეთქი. მან კი მიპასუხა:

– ბოდიში, ბატონო, მაგრამ მე ღამის თორმეტ საათზე ვიცვლები და სხვა მიმტანი მოგემსახურებათ.

– სამწუხაროა, მაგრამ, რა გაეწყობა, – გავუღიმე ალიონას.

თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ალიონა მოვიხმე, მომსახურებისთვის მადლობა გადავუხადე და ჯიბეში 100 დოლარი ჩავუდე. ხოლო, რომ წავიდა, გვანცას ვუთხარი:

– სათადარიგო გასასვლელს უთვალთვალე და როგორც კი გამოვა, დამირეკე. ისეთი ადგილი აირჩიე, რომ ვერ შეგვნიშნოს.

გვანცა გავიდა. მე კი ალიონას შემცვლელი მოვიხმე ანგარიშისა და ერთი ბოთლი მინერალური წყლის მოტანა ვთხოვე. ანგარიში რომ მოიტანა, ფული გადავუხადე, ბოთლი კი გავხსენი, წყალი დავისხი და გვანცას ზარს დაველოდე. გვანცამ პირველის ოც წუთზე დამირეკა და მითხრა, გამოვიდაო. მე მშვიდად ავდექი და რესტორნიდან გავედი. ალიონა დინჯად მიაბიჯებდა ბრაიტონზე. მე და გვანცა კი ოცდაათიოდე მეტრის დაშორებით მივყვებოდით და ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანებს ვეფარებოდით. ასიოდე მეტრი რომ გაიარა, კუთხეში შეუხვია და შევნიშნე, რომ მას ვიღაც მამაკაცი აედევნა. მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ბეისბოლის ქუდი ეხურა. რესტორნიდან მოსახვევამდე მხოლოდ ერთი გზა იყო და მამაკაცი, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დახვდა ალიონას წინ. დიდი ალბათობით, ეს კაცი მონადირე უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა, შეიარაღებული. მე კი უიარაღოდ ვიყავი. შემდგომი მოვალენები კი შესაძლოა, უმართავი გამხდარიყო და გვანცას გადავულაპარაკე:

– როგორც გეტყვი, ზუსტად ისე მოიქეცი. მე ამ კაცს გავანეიტრალებ და თუკი მონადირეა, გავკოჭავ. შენ კი ალიონას ფრთხილად გაჰყევი და ეცადე, ზუსტად დაადგინო, სად მივა. ტელეფონი უხმოზე დააყენე. დაგირეკავ. აბა, შენ იცი, მიდი, შვილო და ფრთხილად იმოქმედე.

ალიონამ ქუჩის სიღრმისკენ განაგრძო გზა და ის კაცი ოცდაათი მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა. მე ნაბიჯს მოვუჩქარე და იმ კაცს ვიწრო ჩიხთან წამოვეწიე. ხელი მხარზე შევახე, შემოვატრიალე და ისეთი სახე მივიღე, ვითომ რაღაც უნდა მეკითხა, თუმცა, მოულოდნელად კუჭში მოკლე დარტყმა მივაყენე. ის მოიკეცა. შემდგომ ზურგშიც ჩავცხე, ხელები მხრებში ჩავავლე და ჩიხში შევათრიე. უზარმაზარ ნაგვის ბუნკერს ამოვაფარე და გავჩხრიკე. ჩანთაში მას მაყუჩიანი პისტოლეტი და მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. ჯიბეში კი მხოლოდ საფულე ედო. ჩანთა ავართვი და შიგნით საფულე ჩავდე. იქვე კაპრონის სქელი თოკი ეგდო, მას ზურგს უკან ხელ-ფეხი შევუკარი და ნახევრად სავსე, უზარმაზარ ნაგვის ბუნკერში ჩავაგდე. მთელ ამ მანიპულაციას გათიშვიდან ბუნკერში ჩაგდებამდე სამი წუთი დასჭირდა. ეს მე სპეცმომზადებისას ავითვისე და ამ ნორმატივს განსაკუთრებულად სწრაფად და ეფექტურად ვასრულებდი. ის კაცი, მინიმუმ, ნახევარი საათის განმავლობაში იქნებოდა უგონოდ. ხოლო ხელ-ფეხის გახსნას კი სხვის დაუხმარებლად ვერ შესძლებდა. იმაში გამიმართლა, რომ ჩიხი უკაცრიელი იყო და ვერავინ დამინახა. ჩიხიდან რომ გამოვედი, გვანცას დავურეკე და ვკითხე:

– სად ხარ?

– ამ ქუჩის ორმოცდამეათე ნომერში. ათსართულიანი სახლია. ერთი სადარბაზოთი. მესამე სართულის მესამე ბინა რუსი გოგონასია. თვითონ ალიონა კი პირველ სართულზე მდებარე მარკეტში შევიდა.

ხუთი წუთის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე ვიყავი. გვანცა კი მეორე და მესამე სართულებს შორის იდგა. რომ მივედი, ვკითხე:

– ბინიდან არავინ გამოსულა?

– არც გამოსულა და არც არავინ შესულა, – მიპასუხა გვანცამ.

საათს დავხედე და ვთქვი:

– პირველს ათი წუთი აკლია. მოდი, ასე ვქნათ: მე ფასადის მხრიდან ავძვრები და ფანჯარასთან გავმაგრდები და დაგირეკავ. შენ კარზე ბრახუნი აუტეხე და ბინაში მყოფები კარისკენ გაიტყუე. მე კი ამ დროს შიგნით შევაღწევ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

ხუთიოდე წუთის შემდეგ უკვე ალიონა კრასინას ბინაში ვიმყოფებოდი. ფანჯარას ფეხის დარტყმით საკეტი გავუტეხე, გავაღე და შევვარდი. სქელ ფარდაში რომ არ გავხლართულიყავი, იატაკზე გავგორდი და წამოხტომას ვაპირებდი. მაგრამ კეფაზე პისტოლეტის ლულა ვიგრძენი და გავქვავდი.

– არ გაინძრე, – მომესმა ელიკოს ხმა.

იატაკზე პირქვედამხობილი ვიყავი და მკრთალად განათებულ ოთახში ელიკო ჩემს სახეს ვერ ხედავდა. ჩემს გულს კი ბაგაბუგი გაჰქონდა. ენა ძლივს მოვაბრუნე და სანამ გადმოვბრუნდებოდი, ვუთხარი:

– ოცი წელია, გეძებ, ელიკო, ძლივს მოგაგენი და ახლა მკლავ?

გადმოვბრუნდი და ელიკოს გაფართოებული თვალები დავინახე, რომლებიც უკიდურეს გაოცებას გამოხატავდნენ.

– ლევან, შენ? – ენის ბორძიკით მითხრა ელიკომ.

– ალიონას უთხარი, რომ ჩვენს შვილს კარი გაუღოს, თორემ სადაცაა, შემოამტვრევს, – ვთქვი და წამოვდექი.

– ლევან, საყვარელო! – აღმოხდა ელიკოს. გადამეხვია და ატირდა.

ოთახში ალიონა და გვანცა შემოვიდნენ. გვანცამ რომ ჩახუტებულები დაგვინახა, ისიც ჩაგვეხუტა. ალიონა კი ამ სურათს გაკვირვებული უყურებდა და ვერაფერი გაეგო.

– გვეყოფა სინაზეები. ეს – მერე. ახლა კი უსაფრთხო ადგილზე უნდა გადავიდეთ. ლუის ჰარტი შენს კვალზე გამოვიდა და გამორიცხული არაა, რომ აქაც მოვიდნენ, – ვუთხარი ელიკოს. მან კი მიპასუხა:

– მე ასეთი ადგილი არ მეგულება, ჰარტი ყველგან მოგვაგნებს.

– მე ვიცი ასეთი ადგილი. ჩქარა, დრო არ ითმენს! საჭირო ნივთები აიღეთ და წავედით, – ვუთხარი ელიკოს და დავამატე, – ხუთ წუთში გავდივართ.

ავღანური მისიის დროს ერთ-ერთი ერთობლივი ოპერაციისას ამერიკული ოფიცერი ტომას ჰეილი მძიმედ დაიჭრა. მე ის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადავარჩინე. ტყვიების წვიმაში წინა ხაზიდან გამოვიყვანე და საველე ჰოსპიტალში ექიმებს ჩავაბარე. ერთი ჯგუფის სისხლი აღმოგვაჩნდა და ერთი ლიტრი სისხლი გადავუსხი. ჰეილი რომ გამოჯანმრთელდა, მე უკვე თბილისში ვიმყოფებოდი. მადლობის გადასახდელად მან საქართველოში ჩამომაკითხა. ამერიკელ სტუმარს თბილისშიც ჩვენებური პატივი ვეცი. ორი კვირის განმავლობაში მთელი საქართველო მოვატარე და ჩვენი ტრადიციისამებრ, ძმადნაფიცები გავხდით. ტომასმა პოლკოვნიკის ჩინი მიიღო. ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ჩემი ცოლ-შვილი და ალიონა სწორედ მასთან მივიყვანე. მართალია, ღამის 3 საათი იყო, მაგრამ ტომასს ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა გადამეხვია და სახლში შეგვიპატიჟა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ასე გვიან გასაჭირმა მიმიყვანა მასთან, მაგრამ არაფერი უკითხავს და მითხრა:

– ყველაფერი კარგად იქნება. რამდენი ხანიც დაგჭირდებათ, იმდენ ხანს დარჩით. მე კი ყველაფრით დაგეხმარებით.

ტომასთან მხოლოდ ოთხი დღე გავჩერდით. ელიკომ მოახერხა და „ეფბეერის“ დირექტორს შეხვდა. ყველაფერი მოუყვა, საიდუმლო მასალები ჩააბარა და ბიუროს თანამშრომლის სტატუსის მოხსნა სთხოვა. დირექტორმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. ალიონა კი რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას დათანხმდა და ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართეს. ჰარტი და კამპანია კი, მათ შორის, ნაგვის ბუნკერში ჩაგდებული ირლანდიელი ქილერი, დიდი სპეცოპერაციის დროს აიყვანეს, შემდეგ გაასამართლეს და თითოეულს შესაბამისი ვადით პატიმრობაც შეუფარდეს. ჰარტს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გვანცამ „სიტი ბანკიდან“ ელიკოს მიერ 20 წლის განმავლობაში დაგროვებული, „ეფბეერის“ მიერ დარიცხული ხელფასი, მილიონი დოლარი გამოიტანა და ჩვენმა სამეულმა შეერთებული შტატები დატოვა.

ამჟამად უსაფრთხო ადგილზე ვცხოვრობთ და ძალიან ბედნიერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით თითქმის ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნე, ელიკომ ვაჟი გამიჩინა და მას მამაჩემის სახელი, ცოტნე დავარქვი. ერთი სიტყვით, რაც ოცი წლის განმავლობაში ბედნიერება დაგვაკლდა, ერთბაშად ავინაზღაურეთ. ჩვენი ისტორია კიდევ იმითაცაა საინტერესო, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ანდერძიც შევასრულე და მოანდერძეც ცოცხალია. ღმერთს ვთხოვ, დიდხანს მიცოცხლოს ჩემი ცოლ-შვილი!

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი