ისტორია

რატომ იყო დავით აღმაშენებლისთვის ტფილისი განსაკუთრებით ძვირფასი

№17

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 03.05

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

შესანიშნავად გამოხატა დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ ტფილისის მნიშვნელობა დავით აღმაშენებლისა და მისი თანამებრძოლებისთვის, ზოგადად, ჩვენი წინაპრებისთვის, ტეტრალოგიაში „დავით აღმაშენებელი“:

თხუთმეტიოდე წლის დავით უფლისწული თავის თანატოლებთან ერთად სამხედრო ვარჯიშს ატარებს ჩორჩანას ციხესთან. ხუროებს ააგებინებს ჩორჩანას კოშკის სიმაღლის ხის გოდოლს, ბორბლებზე შემდგარს, რომლის მსგავსებსაც მიადგამდნენ ხოლმე შეტევის დროს ციხისა თუ ციხე-ქალაქის გალავნების კოშკებს. აგებული გოდოლიდან ისრებს ისროდნენ დავითის მებრძოლები ჩორჩანას კოშკის მიმართულებით, მერე „შეუტიეს“ ციხეში მყოფებს და „აიღეს“ ჩორჩანას ციხე. სამხედრო წვრთნის დასრულების მერე დავითის დედა, დედოფალი ელენე ეკითხება ჭაბუკებს: „რომელი ციხე უნდა აიღოთ მაგ თქვენი ძელის გოდოლითა, შვილნო?“

დედოფალს პასუხობს დავითის თანატოლი მეგობარი, ნაწარმოების მიხედვით, ნიანია, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის, გრიგოლ ბაკურიანის ძე და ასეთი დიალოგი იმართება მას, დედოფალსა და უფლისწულს შორის:

„ტფილისი გვინდა, ტფილისი, დედოფალო ბატონო“. – ეუბნება ღიმილით ნიანია.

„ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა თავისი კაცობა შეალია ტფილისს, ორგზის აიღო და ვეღარ შეირჩინა. ღმერთმა ინებოს, ღმერთმა ინებოს, შვილო“.

„სანამ ტფილისი ჩვენი არ გახდება, მე ვერ მოვისვენებ, დედი, სამი სიცოცხლეც რომ გებოძა ჩემთვის, სამივეს ტფილისის ასაღებად დავლევდი, იცოდე.“ – სთქვა უფლისწულმა და დედას უთხრა, მშიაო, სწორედ ისევე, როგორც ბალღობის დროს უთქვამს ხოლმე მრავალგზის.“

დიახ, დიდმა სტრატეგმა დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა ტფილისის ფასი. ტფილისი მხოლოდ ქალაქი ან, თუნდაც, ძველი დედაქალაქი არ ყოფილა ჩვენი წინაპრებისთვის. ტფილისი იყო საქართველოს (ნათესავით ქართველთა არეალის) და კავკასიის მთავარი მეტროპოლია. მხოლოდ ტფილისიდან შეიძლება მთელი კავკასიის მართვა. ტფილისიდან ყველაზე ადვილად უკავშირდები ჩრდილოეთ კავკასიას, დარიალის გავლით. ტფილისიდან იშლება სამხრეთკავკასიური, მცირეაზიური, წინააზიური და ახლო აღმოსავლური სივრცეები საქართველოს ინტერესების გასავრცელებლად. ტფილისი უდიდესი ქალაქი იყო კავკასიაში და სავაჭრო-შემოსავლების თვალსაზრისითაც – უმნიშვნელოვანესი.

მაგრამ, მთავარი მაინც კულტურულ-ეთნიკური ფაქტორი გახლდათ. ქართლურ-ტფილისური ენობრივი კოინე იყო ეროვნული ერთიანობის საფუძველი, რის შედეგადაც შეიქმნა უმაღლესი ხარისხის ლიტერატურა ჩვენს ოქროს ხანაში. ტფილისში თავს მოიყრიდნენ ყველა კუთხის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმეს საუკეთესოდ გაუძღვებოდნენ.

შემთხვევით არ გადმოუტანია ვახტანგ გორგასალს ქართლის სამეფოს, იბერიის, რომელიც დასავლეთ საქართველოსაც მოიცავდა, დედაქალაქი მცხეთიდან ტფილისში. მცხეთა წმიდა ქალაქად დარჩა, ქუთათისი – დასავლეთის შემკრებ, გამაერთიანებელ, მაკონსოლიდირებელ ქალაქად. ხოლო ტფილისს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის უფრო მყარი გაერთიანება, კონსოლიდაცია უნდა მოეხდინა.

იცოდა დავით აღმაშენებელმა ტფილისის ფასი და ძალიან განიცდიდა ტფილისთან ახლოს მცხოვრები ქართველების მძიმე ბედს. დავითის ისტორიკოსი წერს, ტფილისი „სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა“, მიზეზის გარეშე ხოცავდნენ ქრისტიანებს, რამდენსაც იპოვნიდნენ. ხანდახან ქარავნებს შემოყოლილ თურქებს ტყვეებად ატანდნენ ქალაქში შემავალ-გამომავალ ქრისტიანებს (ანუ ქართველებს), ასე ნადგურდებოდა ქვეყანა დიდი ხანი, რასაც ძალიან განიცდიდა დავით მეფეო: „რომელი-ესე ფრიად ეძïნებოდა სულსა დავითისსა“.

ბავშვობიდან ტფილისის უცხოთაგან გათავისუფლებისთვის მეოცნებე მეფე უახლოვდებოდა და უახლოვდებოდა ტფილისს, გარშემო ტერიტორიებს იკავებდა. თურქთა ქარავნების დამცველებს ანადგურებდა სპეცოპერაციებით.

იცოდა მეფემ, ტფილისისთვის დიდ ომს გაუმართავდნენ სხვადასხვა ქვეყნის მაჰმადიანნი. რადგან ტფილისი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორპოსტი გახლდათ გაერთიანებისა და გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველოს წინააღმდეგ. იცოდნენ მაჰმადიანთა მბრძანებლებმა, ტფილისის გარეშე საქართველო ვერ იქნებოდა სრულყოფილი სახელმწიფო.

იცოდა ეს დიდმა მეფე დავითმა, არ ჩქარობდა ტფილისის აღებას, ჯერ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. თუმცა, ტფილისზე გავლენა გაავრცელა, ხარკი დაადო ტფილელ არაბებს. ტფილისში დავით მეფის გავლენის გავრცელებით, უსაფრთხო გახდა ქალაქში, რომელიც მთლიანად მაჰმადიანების ხელში იყო, ქართველების შესვლა-გამოსვლა.

და შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადებოდა ჩვენი ხელმწიფე.

ამის შესახებ მაჰმადიან მოგზაურს, არაბ ისტორიკოსს ალ-ფარიკს (1116-1181) აქვს მოთხრობილი.

1121 წელს „ტიფლისის ხალხმა მოციქული გაუგზავნა ნაჯმ ად-დინ ილ ღაზის (ცნობილ სარდალს, არდინისა და მაიაფარიკინის მფლობელს) და მოიწვია იგი, რათა ჩაებარებინათ მისთვის ტიფლისი... მეფე დავითი, მეფე აბხაზთა და ქართველთა მათ ძლიერ ავიწროებდა“.

ქალაქის უხუცესებმა მაჰმადიან მბრძანებლებს სთხოვეს დახმარება. „გაუგზავნეს კაცი სულთან თოღრულ ბეგს, დიდ სულთან მუჰამმადის ძეს, განჯისა და არანის მალიქს, რომელმაც გამოუზავნა მათ შიჰნა“. მაშასადამე, სულთან თოღრულ ბეგის სახელით ტფილისში ჩადგა სულთნის შიჰნა.

დავით მეფემ არ მოასვენა ტფილისში გაბატონებული უცხოელები. „მაგრამ ქართველთა მეფის მხრიდან შევიწროებამ იმძლავრა. ასე გაგრძელდა ერთხანს. მაშინ შეთანხმდნენ, რომ (ტფილისელები) გაუგზავნიდნენ მას (დავით მეფეს) ყოველ წელს 10 000 დინარს და იქნებოდა მათთან შიჰნა 10 მხედრით. ამ პირობაზე დარჩნენ რამდენიმე ხანს“.

შიჰნა ნიშნავს სამხედრო ადმინისტრატორს, დაახლოებით ციხისთავს, დანიშნულს დიდ ქალაქებში ან სახელმწიფოებში. დიდგორში მოსული დიდი კოალიციის ლიდერი, ილღაზი, 1104 წლამდე დანიშნული იყო სელჩუკთა სასულთნოს ბაღდადის შიჰნად, სელჩუკთა სულთნის სახელით მართავდა ხალიფას და ხალიფატს. მაშასადამე, ეს ცნობა, ალბათ, ასე უნდა გავიგოთ – სულთნის შიჰნა ტფილისში შეცვალა დავით მეფის ქართველმა შიჰნამ და ტფილისი გახდა ჩვენი ხელმწიფის ვასალი. ანუ, დავით მეფეს ტფილისში თავისი წარმომადგენელი, ციხისთავი (შიჰნა) ჰყავდა დანიშნული 10 მხედრით და თან 10 000 დინარს იღებდა ხარკად ტფილისიდან.

მაგრამ იცოდნენ ტფილელმა მაჰმადიანებმა, დავით მეფე დიდხანს არ დატოვებდა ტფილისს დამოუკიდებელ, თვითმმართველ, თუნდაც ვასალურ, უცხოთა ქალაქად. ამიტომ, ტფილისელმა მაჰმადიანებმა „გაუგზავნეს მოციქული ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის და მოიხმეს იგი. ისიც გამოემართა დიდი ლაშქრით“.

... დიდგორში გამარჯვების მერე: „როდესაც განადგურდა ნაჯმ ად-დინი და უკან დაბრუნდა იმათთან ერთად, ვინც გადარჩა, გაემართა მეფე აბხაზთა (დავითი) ნადავლითა და ტყვეებით დაბანაკდა ტიფლისთან“.

და დაიწყო ტფილისის გათავისუფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი