გულახდილი საუბრები

ჩემმა შვილმა საყვარელ მამაკაცს დამაშორა, თვითონ ბედნიერია და მე გამაუბედურა

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.04

სინანული
დაკოპირებულია

მეუღლე რომ გარდამეცვალა, საბა ექვსი წლის მყავდა. საშინელი პერიოდი გამოვიარე. არ მინდოდა, ჩემს შვილს დაენახა, როგორ ვიტანჯებოდი. არც ცრემლს ვაჩვენებდი და არც სასაფლაოზე დამყავდა, რომ არ ენახა, როგორ ვტიროდი მოთქმით. ვუფრთხილდებოდი, როგორც შემეძლო. ვცდილობდი, მამის დანაკლისი არ ეგრძნო. როგორ არ აშავებდა, მაგრამ მისთვის ხმა არასოდეს ამიწევია, ცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არ მიფიქრია გათხოვება, ქვრივი ქალის სახელი პატიოსნად ვატარე. საბა რომ თორმეტი წლის გახდა, ზღვაზე წავიყვანე, სადაც გავიცანი ძალიან განათლებული, შემდგარი და მეტად წესიერი მამაკაცი.

სასტუმროში, ერთ სართულზე ვცხოვრობდით. ცდილობდა, პატივი ეცა ჩვენთვის და ხან რას მოგვართმევდა და ხან - რას. საბას განსაკუთრებით ანებივრებდა. თბილისში დაბრუნებულებმა, კვლავ განვაგრძეთ ურთიერთობა. სახლშიც მოვიდა და ბავშვს უამრავი საჩუქარი მოუტანა. მითხრა: მეც უმამოდ ვარ გაზრდილი, ვიცი, როგორი მტკივნეულია, შენ რომ გიყურებ, დედაჩემი მახსენდება. ზუსტად ასე მზრდიდა, როგორც შენ საბასო. ძალიან შემიყვარდით და მინდა, ჩემი სახით, მამაკაცი გყავდეთ გვერდშიო. მაშინ მივხვდი, რომ მისი დამოკიდებულება მეგობრობას სცდებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ექვს თვეში ცოლად გავყევი. ხელი მოვაწერეთ და დავიწყეთ ოჯახური თანაცხოვრება. საბა კი იმ დღიდან შეიცვალა, როცა ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მანამდე სულ ეთამაშებოდა, ეხუტებოდა, ელაპარაკებოდა, გულს უხსნიდა... მერე კი, ჩაიკეტა, თითქოს გაცივდა, იეჭვიანა და ცდილობდა, რამე დაეშავებინა, თითქოს გვიწვევდა საჩხუბრად. რასაკვირველია, ვხვდებოდით მის ეჭვიანობას, რთულია, მამის მერე სახლში სხვა კაცის გამოჩენა და გონივრულად ვუდგებოდით. ყველა მის სურვილს ვასრულებდით და ვანებივრებდით. მაგრამ ამაოდ. წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო გაუცხოვდა. არადა, ოჯახში მართლაც ყველაფერი იდეალურად გვქონდა. ეს კაცი აღმოჩნდა ადამიანი, ვისთანაც გულახდილად შემეძლო საუბარი, ნებისმიერი თემის განხილვა, თანადგომის იმედი. საბა ბოლო კლასში იყო, როცა სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა ჩემს ქმართან. ისეთი საზიზღრობები უთხრა, სირცხვილით სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. ამაზრზენად მოიქცა და საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან შვილი, ან ქმარი. როგორც ყველა ნორმალური დედა, მე შვილი ვარჩიე და სწორედ იქ შევცდი. თავის დროზე რომ სიტუაცია სწორად მეკონტროლებინა, საყვარელი მამაკაციც გვერდით მეყოლებოდა და შვილიც. დღეს კი მარტო ვარ, შვილმა ცოლი მოიყვანა, უცხოეთში წავიდა და საერთოდ აღარ ვახსოვარ, საკუთარი ბედნიერებით ტკბება. სოციალური ქსელით თუ დამეკონტაქტება და ისიც იშვიათად. პენსიის იმედად დავრჩი, ძალიან მიჭირს და განსაკუთრებით მარტოობა მკლავს. ვნანობ, რომ შეცდომა დავუშვი და თავი დავიღუპე. ახლა რომ გვერდით ქმარი მყავდეს, იმედი მაინც მექნება, რომ ვიღაც წყალს მომაწვდის. შვილმა კი, თავისი ახირებული ხასიათის გამო, ეს იმედიც მომისპო და მისი ნახვაც სანატრელი გამიხდა. არ ვიცი, როდემდე ვატარებ ამდენ დარდს გულით, როდემდე გავუძლებ და ვივლი ასე ეულად დედამიწაზე. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ დილით სანთელს ვანთებ და ღმერთს ჩემი შვილისა და მისი ოჯახის ბედნირებასა და ჯანმრთელობას შევთხოვ. რა ვქნა, მიუხედავად გულისტკენისა, მაინც ჩემი შვილია, ჩემი გარდაცვლილი ქმრის დანატოვარი და დედის გულიდან მას ვერანაირი წყენა ვერ ამოშლის.

ხათუნა, 63 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი